პრემიერის ანგარიში – 2025 წელს საქართველოდან 550 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა

14:55, 02.06.2026

2025 წელს საქართველოდან 550 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა, – ამის შესახენ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოდან მსოფლიოს 71 ქვეყანაში ექსპორტირებულია 90 მლნ-მდე ლიტრი, 268 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

მთავრობის ცნობით, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 41 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი, რომლის ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 282 მილიონ აშშ დოლარამდე.

მთავრობა განმარტავს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

„მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა – 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან 2026 წლის პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია. ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი