ფეხბურთის მეფეს, პელეს დღეს დაკრძალავენ. ბრაზილიის ქალაქ სანტოსში პელესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ფეხბურთის მეფეს მოქალაქეები ურბანო კალდირას სტადიონზე მიაგებენ პატივს, რომელიც პელეს ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ საშინაო მოედანია.
ლეგენდარული ფეხბურთელის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და კონმებოლ-ის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელი ალეხანდრო დომინგესი.
პელეს სანტოსის კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბრაზილიის მთავრობა აპირებს, სანტოსის პორტს, რომელიც ბრაზილიასა და ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი პორტია, ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი დაერქვას.
შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა (1958, 1962, 1970). პელემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა.