მეფე, პელე - წინდის ბურთიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე [ვიდეო] #1TVSPORT
მეფე, პელე - წინდის ბურთიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე [ვიდეო] #1TVSPORT

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბრაზილიაში დაიბადა მომავალი ვარსკვლავი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე. მამამისსაც ასეთივე გრძელი სახელ-გვარი ჰქონდა: ჟოაო რამოს დუ ნასიმენტუ, თუმცა მას ფეხბურთელობისას დონდინიო შეარქვეს.

მაშინ სპორტის ეს სახეობა შემოსავლიანი სულაც არ იყო, დონდინიოს ოჯახის შენახვა უჭირდა. ახალგაზრდულ ასაკში მან სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთის თამაშის ნაცვლად საავადმყოფოში სანიტარად დაიწყო მუშაობა.

 

ფორთოხალი

„გაჭირვება და სიღარიბე მუდამ თავს დაგვტრიალებდა, ვაითუ ფული გამოგველიოს, ან შეშა არ გვეყოს, მუდმივად შიშში ვიყავით“, – იხსენებს პელე, რომელიც 7 წლიდან მუშაობდა. მას ოჯახში მოფერებით დიკოს ეძახდნენ, პელე მოგვიანებით შეერქვა. ჰოდა, პატარა დიკო ფეხსაცმელის წმენდით შოულობდა ხურდა ფულს. მან პირველი ხელფასი დედას ჩააბარა. სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ სწავლისთვის დრო არ რჩებოდა და ამიტომ იყო, მეოთხე კლასში 13 წლისა რომ გადავიდა.

როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ მოუცლელობის ბრალი იყო, თორემ, რომ გაიზარდა, სკოლაც დაამთავრა, უნივერსიტეტიც. თან, წარმატებით. იგი პროფესიით ეკონომისტი იყო.

ან როგორ უნდა მოეცალა სწავლისთვის, როცა სამუშაოს შემდეგ იგი თანატოლებთან ერთად მშობლიური ტრეს-კორასაესის ქუჩებში „ბურთს“ დასდევდა. ბურთს კი არა, წინდას დასდევდა: პატარებს ფეხბურთის ნამდვილი ბურთი რომ არ ჰქონდათ, ძველ წინდას ქაღალდებით, ან ნაჭრებით გატენიდნენ და ისე თამაშობდნენ. ვარჯიშისთვის კი პელე, ისევე როგორც დიეგო მარადონა, ფორთოხალს იყენებდა – კენწლიდა, თავით ათამაშებდა… მოკლედ, ვიდრე კანს არ გააძრობდა და ბოლომდე არ გამოწურავდა, ფორთოხალს მიწაზე არ უშვებდა.

პელეს მშობლიური ქალაქი ტრეს-კორასაესი
პელეს მშობლიური ქალაქი ტრეს-კორასაესი

 

დიკო

ფორთოხლითა და წინდით მოთამაშეს რომ ხედავდა, დიკოს მეზობელს ეღიმებოდა და ბავშვს „პე-ლეს“ ეძახდა, რაც ბრაზილიურიდან თარგმანში სულელურ საქციელს ნიშნავს. დიკოს მეზობლის შერქმეული მეტსახელი არ მოსწონდა, ბრაზდებოდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ მთელმა მსოფლიომ სწორედ პელეთი გაიცნო. მოგვიანებით იგი ხუმრობდა კიდეც:

„მეტსახელებს მსოფლიოს ყველა წერტილში იგონებენ, ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია. სპორტში მათ დამკვიდრებას კომენტატორები უწყობენ ხელს. ისინი ხომ სიტყვებს ტყვიამფრქვევის სიჩქარით ისვრიან. ამიტომ გაცილებით იოლი წარმოსათქმელია დიდი, ვავა, პელე, პეპე, ვიდრე სრული სახელ-გვარები. წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენი იქნება წინადადება: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ მიიღო ბურთი სებასტიან და სილვა ტენორიო ტეიშეირა არაუჟოსგან და გადასცა ვალდემარ ჟოაო მენდეშ დე მორაის ფილიოს, რომელმაც მოატყუა არტურ რიბეირუ ჟოზე ბრიტო…“

 

1958

პელეს პირველი გუნდი „ამერიკანა“ იყო, რომელსაც „ბაკინო“ მოჰყვა. იქ მას ვალდემარ დე ბრიტუ ავარჯიშებდა, რომელსაც 30-იან წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჰქონდა ნათამაშები. სწორედ ბრიტუს რეკომენდაციით მივიდა პელე ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „სანტოსში“.

ეს 1956 წელს მოხდა, ორ წელიწადში კი 17 წლის დიკომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. პირველი მატჩი მან სსრ კავშირის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო მეოთხედფინალში უელსის ნაკრებს გოლიც გაუტანა (1:0). ნახევარფინალში ბრაზილია სნაიპერ ჟიუსტ ფონტენის საფრანგეთს შეხვდა. პელემ თავი ამჯერადაც გამოიჩინა, თან სამჯერ და თანაგუნდელები ფინალში გაიყვანა. არც იქ დაადგა კარგი დღე მის მოწინააღმდეგე მცველებს – მასპინძელ შვედებს 2 გოლი გაუტანა და ბრაზილიას ისტორიაში პირველად მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონობა.

17 წლის ბიჭმა 1958 წელს მუნდიალის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ერთბაშად 6 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

ნიკეს თასი

პელემ მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ნიკეს თასი 1962 წელსაც მოიპოვა, თუმცა ბოლო მატჩებში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია. იგი 1966 წელს პორტუგალიელმა მცველებმა დაამტვრიეს და მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისი გახდა, ხოლო 1970 წლის მუნდიალი პელეს ჩემპიონატადაა ისტორიაში შესული. იგი იმ დროს უკვე 29 წლისა გახლდათ და მხოლოდ გოლების გატანაზე როდი ზრუნავდა – თამაშის ორგანიზებით იყო დაკავებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც გოლებზე ამბობდა უარს.

ნიკეს ლამაზი თასი ბრაზილიელებმა 1970 წელს მესამედ მოიგეს და სამუდამოდ დაეპატრონნენ… თუმცა სამუდამოდ არა, ათი წლის შემდეგ თასი ბრაზილიის მუზეუმიდან მოიპარეს და დღესაც არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი.

 

მეფე

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ევროპაშიც პოპულარული იყო. ერთ-ერთ ქვეყანაში 1971 წელს 100 კაცი გამოკითხეს და აღმოჩნდა, რომ 95-მა იცოდა, ვინ იყო პელე. მისმა სახელმა ნიგერიაში ომის შეწყვეტაც განაპირობა: სამოქალაქო ომის მსვლელობისას ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში პელე მშვიდობის მატჩის ჩასატარებლად ჩავიდა. ეს ამბავი რომ გაიგეს, მებრძოლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში აღარ უომიათ.

პოპულარობას ახალი მეტსახელი მოჰყვა – „ფეხბურთის მეფე“.

„სანტოსში“ პელემ 1114 მატჩი ჩაატარა და კარიერის დასასრულებლად აშშ-ის „კოსმოსში“ გადავიდა. სწორედ ამ ნიუიორკულ გუნდში შეუსრულდა 37 წელი და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ფეხბურთთან დამშვიდობება.

 

 

მე, პელე

როგორც პენსიონრებს ახასიათებთ, კალამი მოიმარჯვა და წერას შეუდგა. საინტერესო ნაშრომი გამოუვიდა, სახელწოდებით „მე, პელე“. მეფის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსვლის შესახებ რომ შეიტყო, ბევრმა ბრაზილიელმა თავისი ბიბლიოთეკისთვის შეიძინა. ხოლო ვისაც არც ბიბლიოთეკა ჰქონდა და არც წერა-კითხვა იცოდა, უმალ კითხვის სწავლას შეუდგა.

 

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მან პროფესიონალურ კარიერაში 1282 თამაში ჩაატარა და 1364 გოლი გაიტანა. სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (1958, 1962, 1970), ექვსჯერ – ბრაზილიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ – ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.