დღეს ლეგენდარული მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს ლეგენდარული მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც ქართულ ფეხბურთს საფუძველი ჩაუყარა, თუმცა ბოლშევიკური რეჟიმი მას გასაქანს არ აძლევდა.

ჟორდანია 1904 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. კინორეჟისორებთან – ლევან ხოტივართან და ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში (კიმ-ი, რომელსაც 1960 წლიდან ეწოდა „გურია“), თბილისის უნივერსიტეტში. 1925 წელს თბილისის „დინამოს“ დაარსებაშიც მონაწილეობდა.

1922 წლიდან თბილისის სხვადასხვა გუნდში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა. 1925 წელს ის თბილისის „დინამოს“ პირველ კაპიტნად აირჩიეს, სადაც 1925-1928 და 1930-1931 წლებში ასპარეზობდა. სხვადასხვა წლებში უთამაშია კიევის „დინამოში“, ივანოვოს „ოსნოვაში“, ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში.

ჟორდანიამ მწვრთნელობა 1936 წელს დაიწყო და საყვარელ საქმეს 30 წელი ემსახურა. ერთი პერიოდი ივანოვოს „სპარტაკსა“ და „ოსნოვაში“ მუშაობდა, ხოლო 1945-47, 1955 და 1959-61 წლებში – თბილისის „დინამოს“ ავარჯიშებდა. უმუშავია თბილისის „სპარტაკში“, ტყიბულის „მეშახტესა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საბჭოთა ჩემპიონატში ორჯერ (1947, 1959) მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ორჯერ (1946, 1960) გუნდი თასის ფინალში გავიდა.

ანდრო ჟორდანიას ხელში აღიზარდა ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი – გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილს ხშირად დევნიდნენ და ავიწროვებდნენ. ჟორდანია 1938 წელს დააკავეს, მაგრამ დახვრეტას გადაურჩა. მალე ისევ დაიჭირეს და მეორე მსოფლიო ომმა ციხეში მოუსწრო. 1941 წლის ბოლოს ციხიდან საჯარიმო ბატალიონში გადაიყვანეს და გამოიარა სტალინგრადის ბრძოლა, 1942 წელს კი კურსკთან ნაღმის ნასხლეტმა ხელი სამუდამოდ დაუზიანა, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანისას ეშელონი დაიბომბა და ფეხებშიც დაიჭრა.

ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.