– ამასწინათ უცხოპლანეტელებს შევხვდი, მითხრეს: თუ დედამიწის გადარჩენა გინდა, მაშინ უნდა შეკრიბო საუკეთესო ფეხბურთელები და უცხოპლენეტელების ნაკრებს ეთამაშო. თუ დედამიწელები გაიმარჯვებთ, თქვენს პლანეტას არაფერი დაემუქრებაო, – ეს სიტყვები ლეგენგარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ფრანც ბეკენბაუერმა ტელევიზიითაც თქვა და გაზეთშიც დაწერა.
ზოგმა დაიჯერა, ზოგმა – არა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, თავად ბეკენბაუერმა მოჰფინა ნათელი უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საიდუმლოს – მისი სიტყვები ტელევიზორების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმის სარეკლამო აქციის შესავალი ყოფილა. მალევე გამოჩნდა კლიპი, რომლის მთავრ როლში სწორედ ბეკენბაუერია. იგი ქუჩა-ქუჩა დადის და უცხოპლანეტელებთან შესახვედრად ფეხბურთელებს აგროვებს. ასე შეკრებს დედამიწის ნაკრებში ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს, ნეიმარს, იკერ კასილიასს, უეინ რუნის… გაჩაღდება დიდი ფეხბურთი: უცხოპლანეტელები – დედამიწელების წინააღმდეგ. გაიმარჯვებენ ჩვენები და დედამიწაც მშვიდობიანად განაგრძობს ტრიალს მზის გარშემო.
იცით, ასეთი მასშტაბური რეკლამის გმირად ფრანც ბეკენბაუერი რატომ აირჩიეს? იმიტომ, იგი მსოფლიოს მასშტაბით მეტად პოპულარული ადამიანი იყო. ჯერ ფეხბურთელის რანგში აოცებდა ყველას, შემდეგ – მწვრთნელის, შემდეგ – ფუნქციონერის. გერმანელებს რომ ჰკითხოთ, 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება „კაიზერ ფრანცის“ ავტორიტეტმა მოუტანათ. როგორც მოთამაშესა და როგორც მწვრთნელს რა დამსახურება აქვს? იკითხავთ. ჟურნალისტის შეკითხვა მოვიშველიოთ:
– რას შეცვლიდით, ცხოვრებაში დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ?
– არაფერს. მეხსიერებაში ხომ უამრავი ნათელი ამბავი მიტრიალებს: 1974 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე; გერმანიის ჩემპიონი ხუთჯერ გავხდი; „ბაიერნთან“ ერთად სამჯერ გავიმარჯვე ჩემპიონთა თასზე; ორჯერ მივიღე საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი (1972 და 1976 წლებში); ჩემი მწვრთნელობისას გერმანიამ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იპირველა; 2006 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობისას მსოფლიო მოვიარე, ბევრი საინტერესო ქვეყანა ვნახე…
აბა, რატომ უნდა მოუნდეს რამის შეცვლა? თანაც, მას გერმანიაში სახელით აღარ მიმართავენ – „კაიზერ ფრანცს“ უწოდებენ. „კაიზერი“ იმპერატორს ნიშნავს. მაშინ, როცა პელე და მარადონა ერთმანეთს საფეხბურთო მეფის ტიტულს ედავებოდნენ, ბეკენბაუერს ერმა „იმპერატორობა“ მიანიჭა.
ეს ისტორია საგაზეთო სტატიით დაიწყო: 1968 წელს მისმა „ბაიერნმა“ ავსტრიაში ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომლის დამთავრების შემდეგ ავსტრიის იმპერატორმა, ფრანც იოზეფ I-მა ბეკენბაუერთან სურათის გადაღება ისურვა. ეს ფოტო მეორე დღეს გაზეთებმა ასეთი მინაწერით დაბეჭდეს: „საფეხბურთო კაიზერი და ავსტრიის კაიზერი“.
ფრანც ბეკენბაუერის ამბების თხრობა ბოლოდან დავიწყეთ, მის სამწვრთნელო მიღწევებზეც დავწერეთ, ფეხბურთელობისას მოგებულ ტიტულებზეც, თუმცა პატარა მკითხველს ალბათ აინტერესებს, როგორი იყო ბავშვობაში და რა გააკეთა ასეთი პოპულარობის მოსაპოვებლად?
მეორე მსოფლიო ომი როდის დამთავრდა, ხომ იცით? – 1945 წელს. სწორედ მაშინ დაიბადა ფრანც ბეკენბაუერი ომისგან დანგრეულ ქალაქ მიუნხენის გარეუბან გისინგში. მამამისსაც ფრანცი ერქვა და ფოსტალიონად მუშაობდა. მას ეღიმებოდა, როცა პატარა ფრანცი ფეხბურთზე შეყვანას სთხოვდა, ნუ ვიჩქარებთო, ეუბნებოდა. დადგა 1954 წელი, გერმანიის მეზობლად, შვეიცარიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა მოიყარეს თავი და გაჩაღდა დიდი ფეხბურთი საოცარი ფინალით: უნგრეთი-გერმანია. ფავორიტები უნგრელები იყვნენ, 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ბეკენბაუერის თანამემამულეებმა გერმანული ხასიათი გამოავლინეს, მატჩი 3:2 მოიგეს და პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. ამ შეხვედრას „ბერნულ სასწაულსაც“ უწოდებენ, რადგან შვიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართა.
ამის მნახველი პატარა ფრანცი ფეხბურთზე მთლად გადაირია და იმავე წელს საფეხბურთო სექციაში აღმოჩნდა.
– ჩემი სათაყვანებელი ფეხბურთელი ფრიც ვალტერი იყო, რომელიც 1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი „მიუნხენ 1860-ში“ გამოდიოდა და მეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ გავიზრდებოდი, ამ გუნდში მეთამაშა, – იხსენებს ბეკენბაუერი, რომელიც თავიდან „მიუნხენ 1906-ის“ ბავშვთა სკოლაში მიიყვანეს.
გუნდში ერთდროულად რამდენიმე კარგი ბიჭი აღმოჩნდა და არაერთი ჯილდოც მოიგო. 1959 წელს, 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში მისი გუნდი „მიუნხენ 1860-ს“ „დაეჭიდა“. თუმცა სიტყვა „დაეჭიდა“-ს ბრჭყალები ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ფეხბურთის ნაცვლად გულშემატკივარმა დიდი ჩხუბი და ჭიდაობა იხილა, რომელიც ბეკენბაუერმა და მისმა მოწინააღმდეგე მცველმა დაიწყეს…
ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში ფრანცის გუნდი „მიუნხენ 1906“ ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა და მოთამაშეები სხვადასხვა გუნდში გადანაწილდნენ. მშობლებმა გაითვალისწინეს, რომ „მიუნხენ 1860-ის“ ბაზა მათსავე რაიონში მდებარეობდა, ისიც იცოდნენ, პატარა ფრანცი ამ გუნდში მოხვედრაზე რომ ოცნებობდა და „1860-ში“ გადაყვანა გადაწყვიტეს… თუმცა მომავალი ვარსკვლავი გაჯიუტდა – „მიუნხენ 1860-ში“ არ წავალ, არ მინდა მათი დანახვა, ვისთანაც ჩხუბი მომივიდაო.
ბეკენბაუერის ბავშვობის ოცნება ოცნებადვე დარჩა, იგი „ბაიერნში“ გადავიდა და ამ გუნდთან ერთად იქცა „რეკორდმაისტერად“. მიუნხენელთა პირველ გუნდში მის გამოჩენას მოჰყვა თასების თასის მოგება (1967 წელს), შემდეგ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა თასზე გამარჯვება (1974-76)… 1977-ში, როცა „კაიზერ ფრანცმა“ ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტა, ბევრმა გერმანელმა იგი მოღალატედ შერაცხა. არადა, თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელთან შესახვედრად მიდიოდა – იმ დროს „კოსმოსში“ ბრაზილიელი პელე თამაშობდა.
– პელეს „ფეხბურთის მეფეს“ ტყუილად როდი უწოდებდნენ, ძალიან ნიჭიერი იყო და სწორედ ის იქცა ჩემი ამერიკაში გადასვლის მთავარ მიზეზად.
თავის მხრივ, პელესაც გაუხარდა ბეკენბაუერის „კოსმოსში“ გამოჩენა. აი, რას ამბობს “მეფე“ „იმპერატორზე“:
– ფრანცი დიდებული თანაგუნდელი იყო, მყარი მენტალიტეტითა და დიდი გამოცდილებით. იგი უფრო ბრაზილიელ ფეხბურთელს მოგაგონებდათ, ვიდრე გერმანელს.
რას ნიშნავს, „უფრო ბრაზილიელს, ვიდრე გერმანელს?“ საქმე ისაა, რომ ბრაზილიელები ტექნიკურობით გამოირჩევიან, შეუძლიათ, დაუფიქრებლად წავიდნენ მეტოქის კარისკენ და გზად რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუონ. კაცის მოტყუება ბეკენბაუერსაც ბრაზილიურად შეეძლო, ამავე დროს გერმანელთათვის დამახასიათებლად შრომისმოყვარე და გუნდის ინტერესების დამცველი იყო. სადაც მწვრთნელს დასჭირდებოდა, იქ ითამაშებდა. მაგალითად, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლის ფრანცი თავდამსხმელი იყო, შემდეგ უკან დაიწია და ლიბეროდ იქცა. დღევანდელ ფეხბურთში ლიბეროს ცნება თითქმის არ არსებობს, თუმცა ძველად მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ლიბერო იყო ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ცენტრში ყველაზე უკან იდგა და მეტოქეთა იერიშებისგან კარის მისადგომებს წმენდდა. ვიდრე დიდ სარბიელზე ფრანც ბეკენბაუერი გამოჩნდებოდა, ლიბეროს მხოლოდ დაცვითი ფუნქციები ჰქონდა, ფრანცმა კი ფეხბურთი შეცვალა…
სჯობს თავად ბეკენბაუერს მოვუსმინოთ:
– დავაკვირდი, რომ იტალიელი მცველი ჯაჩინტო ფაკეტი რიგ ეპიზოდებში თავდამსხმელად გარდაიქმნებოდა ხოლმე. ერთხელაც გავიფიქრე – მასზე ნაკლები რითი ვარ-მეთქი და შეტევაში ჩავერთე. კარგად გამომივიდა, სითამამე შემემატა და მეორედაც გადავედი თავდასხმაში. ასე ჩამოვყალიბდი თავდამსხმელ ლიბეროდ. ერთი მინუსი კი ჰქონდა – მეტოქეს შეეძლო კონტრიერიშზე გამოვეჭირეთ, მაგრამ თავდასხმაში მიღებული რიცხობრივი უპირატესობა ყველა მინუსს ფარავდა. თან, შეტევა სისხლში მქონდა, პატარაობიდან თავდამსხმელად ვთამაშობდი.
1972 წელს უკვე ლიბეროს პოზიციაზე მოთამაშე „კაიზერ ფრანცმა“ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამ შეჯიბრებაში ინგლისთან მატჩს იგი კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს:
– 1966 წელს სწორედ ინგლისელებთან დავმარცხდით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. ექვსი წლის შემდეგ კი ლონდონში იმავე ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით და შური ვიძიეთ, 3:1 ვაჯობეთ.
გერმანია 0:1-ს აგებდა, როცა ბეკენბაუერმა ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდი ჯერ ნახევარფინალში გაიყვანა, შემდეგ ჩემპიონობაც მოაპოვებინა. ორი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა, ფავორიტი „ტოტალური ფეხბურთის“ შემოქმედი, კრუიფის ნიდერლანდები იყო, მაგრამ ფინალში „ტოტალურად“ გერმანელებმა ითამაშეს და, მიუხედავად 0:1 ჩამორჩენისა, 2:1 მოიგეს.
ამის შემდეგ ბეკენბაუერი გაფრინდა ნიუ იორკში. მან ფეხბურთელის კარიერა 1983 წელს დაასრულა და მომდევნო წელს უკვე გერმანიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს. მას სამწვრთნელო ლიცენზია არ ჰქონდა, ამიტომ მენეჯერად გააფორმეს, თუმცა გუნდში ბევრ რამეს წყვეტდა.
აი, მაგალითად: 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარე ული შტაინს თვალში არ მოსდიოდა მენეჯერის მწვრთნელობა და „კაიზერ ფრანცს“ „წვნიანის მასხარა“ უწოდა (70-იან წლებში ბეკენბაუერი წვნიან კერძებს უწევდა რეკლამას). მწვრთნელის შეურაცხყოფისთვის შტაინმა „კარგი ჩიტიც დაიჭირა“ – ფრანცმა იგი გუნდიდან გააგდო. 1990 წელს „კაიზერმა“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონობა და დედამიწაზე ერთადერთ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც მსოფლიოს თასი მწვრთნელისა და კაპიტნის ამპლუაში აუწევია.
გერმანიის ბოლო იმპერატორი, ფრანცი 78 წლის ასაკში, 2024 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა.