პეკინის გამზირზე დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა
პეკინის გამზირზე დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა

პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვანის ოპერაცია დასრულდა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჟვანიას კლინიკის ექიმის, ნათია ვასაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

,,პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია კლინიკაში. აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მომზადდა ქირურგიული ჩარევისთვის. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; აღნიშნული ჭრილობები გაიკერა. ამჟამად მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მზადდება პალატაში გადასაყვანად. დღეს დარჩება და გავწერთ მაშინ, როცა მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ნათია ვასაძემ.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო,რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.