პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელიც დაკავებულია მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელიც დაკავებულია მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება“, – აცხადებენ პროკურატურაში.