პატრიარქის შემოდგომა - ვინ იყო რობერტ მუგაბე
პატრიარქის შემოდგომა - ვინ იყო რობერტ მუგაბე

ზიმბაბვეს ქალაქებში ზეიმია. თითქმის 40-წლიანი დიქტატურა უსისხლოდ დაემხო. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში პირველად ზიმბაბვეს ლიდერი აღარ არის.

დიქტატორი, რომელიც ამბობდა, რომ მის დამხობას მხოლოდ ღმერთი შეძლებდა, დღეს ზიმბაბვეს ბნელ წარსულად იქცა.

კუტამაში, ღარიბ ოჯახში დაბადებული რობერტ გაბრიელ მუგაბე პოლიტიკურ ასპარეზზე 1960 წელს გამოჩნდა. იგი სამხედრო გაერთიანება ზიმბაბვეს აფრიკელ ხალხთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1964 წელს მუგაბე და მისი თანამებრძოლები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 1974 წელს ყოფილი სკოლის მასწავლებელი და ყოფილი პარტიზანი რობერტ მუგაბე მოზამბიკში გაემგზავრა. მისი მიზანი იყო, „თეთრკანიანი კოლინიალისტებისგან საკუთარი ქვეყანა გადაერჩინა.“ ამ იდეის გამო, მან მილიონობით ადამიანის ნდობა მოიხვეჭა. რამდენიმეწლიანი ბრძოლა ზიმბაბვეს დამოუკიდებლობისთვის წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც რობერტ მუგაბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

1980 წლიდან დღემდე რობერტ მუგაბეს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, ზიმბაბვეს ლიდერის თანამდებობა არ დაუთმია.

დიქტატორად ქცეული სკოლის მასწავლებელი

დამოუკიდებელი ზიმბაბვეს პირველ პრემიერ-მინისტრს და მეორე პრეზიდენტს რობერტ მუგაბეს ზიმბაბვეში დღემდე საზოგადოების ნაწილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირად, ნაწილი კი უსასტიკეს დიქტატორად მიიჩნევს.

რობერტ მუგაბეს სახელს ათიათასობით ადამიანის სიკვდილი უკავშირდება. პრემიერ-მინისტრობის პირველივე წლებში მას დრო უქმად არ დაუკარგავს – პოლიტიკურ ოპონენტებს მუგაბემ მასობრივი ხოცვა და ტერორი მოუწყო.

1981-1987 წლებში პრემიერ-მინისტრმა მუგაბემ ნდებელეს ხალხის, როგორც ეთნიკური უმცირესობის გასანადგურებლად მეხუთე ბრიგადა გაგზავნა. ეს იყო ჩრდილოეთ კორეაში გადამზადებული ზიმბაბვეს ელიტური ჯარი, რომელსაც მეამბოხეთა ლიკვიდაცია დაევალათ. ექვსი წლის განმავლობაში მეხუთე ბრიგადამ 20 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა, მათ შორის ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთაც მეხუთე ბრიგადა აიძულებდა, საკუთარი საფლავები გაეთხარათ, რის შემდეგაც მათ ოჯახის წევრების თანდასწრებით ხვრეტდნენ. მუგაბეს ბრძანებით, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს კი სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებდნენ და წლების განმავლობაში არაადამიანური მეთოდებით აწამებდნენ.

რობერტ მუგაბეს სამიზნედ იქცა ზიმბაბვეს თეთრკანიანი მოსახლეობა, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში, არაღიარებულ რესპუბლიკა როდეზიაში ცხოვრობდნენ. როდეზია 1979 წლიდან ზიმბაბვეს ტერიტორიად იქცა, თუმცა თავისუფლებისკენ ლტოლვა როდეზიაში ისევ არსებობდა, როცა მუგაბემ თეთრკანიან ფერმერთა დასახოცად ელიტური სპეცრაზმი გაგზავნა.

1987 წელს რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეტაპობრივად ქვეყანა კორუფციასა და უკიდურეს სიღარიბეში ჩაიძირა. 90-იანი წლების დასაწყისიდან 2010 წლამდე ზიმბაბვეში შიმშილის შედეგად ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2000 წელს სპეცრაზმმა მუგაბესადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების “წმენდა” მოაწყო, ქვეყანაში დარჩენილი თეთრკანიანი ფერმერების დიდი ნაწილი დაიჭირეს, ნაწილი კი გაასახლეს.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რობერტ მუგაბეს „ხელშეუხებელი ძალაუფლება“ ახალგაზრდა პოლიტიკოსმა მორგან ცვანგირაიმ შეარყია. 1999 წელს ჩამოყალიბებული პარტია „მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ მუგაბეს ძალაუფლებას წერტილს სამუდამოდ დაუსვამდა, რომ არა მეხუთე ბრიგადისა და სპეცრაზმელების სისასტიკე, რომლებიც ახალი პოლიტიკური ძალის მომხრეებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ.

ჯერ კიდევ 2000 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ცვანგირაის პარტიამ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მისი მომხრე ასობით ადამიანი დახოცეს, ქალები და მოზარდი გოგონები გააუპატიურეს, ათიათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარი სახლ-კარიდან იძულებით გაასახლეს.

ძალადობრივი ციკლი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელახლა აგორდა. ძალადობის შესაჩერებლად ცვანგირაიმ 2008 წელს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო მუგაბემ თავი გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა.

პოლიტიკურ კრიზისს 2008 წელს თან დაერთო ინფლაცია და უკიდურესი ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბოლო 18 წლის განმავლობაში ზიმბაბვეში სიღარიბემ 74%-ს მიაღწია. 10 წლამდე ბავშვების 27% გაუწყლოებითა და საკვები პროდუქტების ნაკლებობით იტანჯება.

სიღატაკის მიუხედავად, რობერტ მუგაბე ფუფუნების სიყვარულს არ თმობდა. მასსა და მის მეუღლე გრეის მუგაბეს ძვირადღირებული ტანსაცმლისადმი ვნების გამო ხალხმა „ბატონი და ქალბატონი გუჩი“ უწოდა.

რამდენიმე კვირის წინ რობერტ მუგაბემ საკუთარ მემკვიდრედ მისი მეორე ცოლი გრეის მარუფუ, იგივე გრეის მუგაბე დაასახელა, რასაც ზიმბაბვეში უსისხლო გადატრიალება მოჰყვა, აფრიკელი დიქტატორი, რომელიც ამბობდა, რომ მისი ძალაუფლების დამხობა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, დღეს ყოფილი პრეზიდენტია.

93 წლის სასტიკი მმართველი რობერტ მუგაბე საკუთარმა ხალხმა მმართველობის 37-ე წელს დაამხო, ქვეყანაში კი ახალი ეპოქა დაიწყო, სახელწოდებით „ზიმბაბვე რობერტ მუგაბეს გარეშე“.