პატრიარქი - ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე
პატრიარქი - ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე– ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს იმაზე, თუ რა არის და რას ნიშნავს ეკლესია.

„ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია.
პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს.

ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება.
ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.

I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი.

I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, – დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა.
მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 1,16), – ბრძანებს უფალი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე.

მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პატრიარქი დასძენს, რომ ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია.

„ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება.

ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, – მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.
ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!

ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ.

ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს.

წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით.
მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე – მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის.

„მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ” (რომ.5,17), – ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან „უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ” (II ტიმ. 2,12)“, – ვკითხულობთ საშობაო ეპისტოლეში.