ილია მეორე - დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს საშიშროება, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს, ამიტომაც, შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის
ილია მეორე - დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს საშიშროება, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს, ამიტომაც, შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის

სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის ევროპისა და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში.

„მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.

სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო“, – ნათქვამია ეპიტოლეში.

ეპისტოლეს მიხედვით, ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ, შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა.

„წინ წამოიწია პრინციპმა – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.

დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.