ილია მეორე - თუ ცხოვრობთ სადიდებლად ღვთისა, არ აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, გლეხი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა
ილია მეორე - თუ ცხოვრობთ სადიდებლად ღვთისა, არ აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, გლეხი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა

თქვენ თუ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

„ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, – საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, – ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).

ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი; ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.