ილია მეორე - ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია
ილია მეორე - ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, „ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ“.

„ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?

ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.

ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.

ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.