პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისთან დაკავშირებულ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ოფისთან სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, სამსახურში მისვლისას კარზე დაზიანებები დახვდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ცოტნე დადიანის 16/18 ნომერში მდებარე ოფისის კარს აღარ ჰქონდა ბოქლომი, თუმცა კარი კვლავ ჩაკეტილი იყო. პარტიის თანამშრომლების ინფორმაციით, ფაქტის დაფიქსირებისთანავე პოლიცია გამოიძახეს და შენობაში არც ერთი მათგანი შესულა, შესაბამისად, ისინი ზუსტად ვერ ამბობენ, არის თუ არა ოფისიდან რაიმე წაღებული.
„დღეს დილით ჩვეულებრივ მოვედით სამსახურში, დაახლოებით ათი საათისთვის და შევამჩნიე, რომ ბოქლომი, რომლითაც დაკეტილი იყო კარი, იყო გატეხილი. უშუალოდ ბოქლომი აღარ იყო ადგილზე, მაგრამ ბოქლომის გატეხილი ნაწილები ეყარა დაბლა. გამოვიძახე პოლიცია. მე არ შევსულვარ შეგნებულად, დაველოდე პოლიციის მოსვლას. კარი ორნაირად იკეტება, ბოქლომით და საკეტით. ვცადე გაღება, მეგონა თანამშრომელი იყო შიგნით, მაგრამ რომ არ გაიღო, უკვე მივხვდი, მერე დავიხედე დაბლა და დავინახე ბოქლომის ნაწილები. მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. ზედაპირული დაზიანებები არის კარზე, კარის სახელურზე შევამჩნიე, დახაზულია მნიშვნელოვნად. ალბათ ბოქლომი რომ გატეხეს, მაგ დროს დაზიანდა. კონკრეტულად რა მოხდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მინდა ეს იყოს ერთეული შემთხვევა და ხელი არ შეგვეშალოს საქმიანობაში. კამერები არ გვაქვს, ახალი გახსნილი ოფისია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა.
მოგვიანებით ადგილზე მივიდა პარტიის წევრი კახა კოჟორიძე, რომელმაც ინციდენტის შესაძლო მოტივებზე საუბრისას თქვა, რომ პირი დიდი ალბათობით „ლელოს“ ამომრჩეველთა სიის შესახებ ინფორმაციის გატანას ცდილობდა. მისივე თქმით, ეს შესაძლოა, ხელისუფლების ინტერესებში ყოფილიყო.
„ოფისში რომ არ ინახება ფული და ოქრო-ვერცხლი, ეს ყველამ კარგად იცის. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, იმ კრიმინალს, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი კარების ბოქლომის გატეხვა, სხვა ინტერესები ჰქონდა. სხვა ინტერესი პარტიაში შეიძლება იყოს ინფორმაცია მათ მხარდამჭერებზე, წევრებზე და ა.შ. პარტიის სტრატეგია, ოფისის განვითარების გეგმა, რაც შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცას. მე ვერ დავადებ ხელს ვერავის, ვერც ხელისუფლებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არა ერთი ფაქტი წინა პერიოდების განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ აქტიურად იყენებს ხელისუფლება კრიმინალებს წინასაარჩევნო პერიოდში, არაფერს არ გამოვრიცხავ. დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.