ფრაქციის „ლელო პარტნიორობისათვის“ დაშლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქმნება
ფრაქციის „ლელო პარტნიორობისათვის“ დაშლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქმნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე კომიტეტს „ლელოს“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა მიმართეს.

„მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო პარტნიორობისათვის“ გამოაკლდა ერთი წევრი. რეგლამენტით განსაზღვრული შვიდი დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა. „ლელოს“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“, აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა წარედგინება ბიუროს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.