პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო კუჭავა გამოკითხეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, სოფო კუჭავას გამოკითხვა დასრულდა.
აქციის სხვა ორგანიზატორები გამოკითხვაზე ხვალ, 15:00 საათზე არიან დაბარებულები.
კუჭავას განცხადებით მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რადგან ინციდენტის დაწყების მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა.
„გამოკითხვაზე ვიყავი დაბარებული დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, ემზარ კვიციანი როგორ ძალადობდა აქტივისტებზე. ისტორია მოვყევი, რადგან პირველივე წამიდან იქ ვიყავი, როცა გამოჩნდა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ და გაარიდებდნენ. მან მოახერხა, ეძალადა ყველა აქტივისტზე, რომელიც იქ იყო. განსაკუთრებით ზუკა ბერძენიშვილზე, რომელსაც სამჯერ მისწვდა როგორღაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის კორდონით ცდილობდნენ, გაერიდებინათ ჩვენგან. ერთხელ თმითაც ითრია და დაბლა დააგდო. მეც წყალი შემესხა და მოვხვდი იმ მუშტი-კრივში, უამრავი აქტივისტი მოყვა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და იმ ჟესტიკულაციებზე არაფერს ვამბობ, რომელსაც ის ჩვენი მისამართით იყენებდა. პოლიციის უფროსის მოსვლამდე, პოლიციამ რეაგირება ვერ მოახდინა, მათ კორდონსაც ძალით გაურბოდა, პოლიციელსაც კი დაარტყა და ჟურნალისტსაც ამასობაში, სანამ ჩხუბობდა. მდგომარეობიდან გამოსული პარლამენტარი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და თმენის ვალდებულებაზეც ჩვენ მოგვიწია შეხსენება, რაც, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, პოლიციამაც ჩვენი უფლებები არ დაიცვა იმ კონკრეტულ მომენტში. გაარიდეს უბრალოდ ემზარ კვიციანი იქაურობას. თუმცა, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, დავაფიქსირეთ, რომ მოხდა დანაშაული და ყველა ის ადამიანი, ვინც ვთვლით, რომ დაზარალებულები ვართ, ყველანი მოვალთ გამოკითხვაზე. მე ვიყავი დღეს პირველი, დანარჩენები დღეს ვერ მოესწრო და ხვალ განაგრძობენ. დეტალურად მოვყევი ისტორია, რაც ხდებოდა. ამას დავურთავთ ვიდეომასალასაც, რომელიც მრავლად არის. დეტალურად მოვუყევი გამოძიებას ყველაფერი. დანარჩენს ალბათ სხვა აქტივისტებიც მოყვებიან, თვითონ ზუკაც, რომელიც არის დაზარალებული, ხვალ იქნება გამოკითხული“, – განაცხადა სოფო კუჭავამ.
სოფო კუჭავას განმარტებით, აპირებენ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვონ, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.
„როგორც თვითონ გამომძიებლისგან გავიგე, საქმე აღძრულია 126 მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა თურმე ეს ითვლება მსუბუქ მუხლად, როგორც აქ ამიხსნეს, ამიტომ მომენტალურად დაკავება იქ ვერ მოხდა, რადგან იცავს იმუნიტეტი. როგორც პოლიციამ გვირჩია და შეიძლება, ამის გათვალისწინებაც, ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც მოსათხოვია, რადგან ამის მესამედი რომ რომელიმე აქტივისტს დაგვეშავებინა, ჩვენ ვიქნებოდით ციხეში. ვფიქრობთ, მოვითხოვოთ მუხლის გადაკვალიფიცირება, ამას ჩვენი ადვოკატი უფრო კარგად გაგვარკვევს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. თუმცა, 126 მუხლიც არის მსუბუქი მუხლი, რომელიც მომენტალურად იქ დაკავებას არ გულისხმობს, როგორც ჩანს, მაგრამ ამ საქმის სწორად გამოძიების პირობებში, მისი პასუხისგებაში მიცემა სრულიად შესაძლებელია“, – აღნიშნა სოფო კუჭავამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი დააკავა.
მანამდე კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.