შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც, ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.