ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტში შშმ ბავშვების გამოყენებით პოლიტიკური „პროტესტი“ ყოვლად მიუღებელი და ამორალური იყო, უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტში შშმ ბავშვების გამოყენებით პოლიტიკური „პროტესტი“ ყოვლად მიუღებელი და ამორალური იყო, უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ

პარლამენტში შშმ ბავშვების გამოყენებით პოლიტიკური „პროტესტი“ ყოვლად მიუღებელი და ამორალური იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაქვიაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„დღეს ამის გამო იყო ჩხუბი პარლამენტში. ოღონდ არა ბანერის გამო. ეს ქალი შემოყვა შშმ ბავშვებს (ალბათ მშობელი იყო). გამოფენაცაა დღეს პარლამენტში დაუნის სინდრომზე. ჰოდა, ეს პოლიტიკური „პროტესტი“ ამ ბავშვების გამოყენებით იყო ყოვლად მიუღებელი და ამორალური. უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ. არც ამ ამბის ისე გაშუქებაა სწორი, გეგონება „ქოცებს რუბლები მიაყარეს“. აშკარად სხვა რაღაც მოხდა პარლამენტში და არაფერი, რაც მოსაწონი შეიძლება ყოფილიყო“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შშმ პირებს მიესალა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. ამასთან, მან დარბაზში, სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.