პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს
პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვნისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ორ საათს, ხოლო კვირის განმავლობაში ოთხ საათს.

ცვლილებების მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტის და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისთვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა კი უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირის განმავლობაში. პროექტით განისაზღვრება, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, წინასწარ ერთი კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტებულია ისიც, რომ დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო: სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე; ასევე, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.