პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კვირის ბოლომდე დაადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან.
მმართველი გუნდი პროცესის გამჭვირვალობისთვის სამუშაო ჯგუფში იწვევს ყველა ოპოზიციური ჯგუფის, ასევე სახალხო დამცველის, იურიდიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
პროცესი კვირის ბოლოს დასრულდება და სწორედ მას შემდეგ განისაზღვრება, თუ როდიდან დაიწყება კანდიდატების მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე.
ოპოზიციის წარმომადგენელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მმართველ გუნდს, მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩერონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ პროცესში სრულად არის დაცული შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტები და ოპონენტები განზრახ ცდილობენ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას.
„ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პარლამენტს წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იურიდიული კომიტეტი არის უფლებამოსილი ამ საკითხის შესასწავლად და შემდეგ მოსამართლეებს მოუსმენს სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. რაც შეეხება პროცედურებს, საკითხის გადმოცემიდან სამი დღის ვადაში გვაქვს ვალდებულება, რეგლამენტის შესაბამისად შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან. ამ მიზნით ჩვენ გვექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, იქნება ეს ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი თუ უფრაქციოები, შევთავაზებთ და უკვე აქვთ დაგზავნილი ეს შეთავაზება, რომ წარმოადგინონ თითო წევრი ამ სამუშაო ჯგუფში, რათა ოპოზიციასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობამ იმუშაოს. ამასთანავე, მე შევთავაზებ სახალხო დამცველის ოფისს, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობას, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობას და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, იყვნენ ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილები, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, გახსნილად ვიმუშაოთ და საბოლოოდ დავადგინოთ კანდიდატების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობა. ამ კვირაშივე დასრულდება ფორმალური შესაბამისობის დადგენის პროცედურა და კვირის ბოლოს უკვე გავწერთ გეგმას, თუ როდიდან დავიწყებთ მოსმენას, რა ინტენსივობით და ვისი ჩართულობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე შესარჩევად საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცხრა კანდიდატი წარუდგინა.