პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდება
პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება.

ცვლილებები 35 კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები და გარანტიები, ასევე თანამდებობაზე არჩევისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება, რომლის უფლებამოსილებაში შევა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული

კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

ამას გარდა, ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას პრემიერ-მინისტრი ქმნის, რომლის შემადგენლობაში შედიან – მთავრობის წარმომადგენელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი და ა.შ.

ინიციატივით, კომისია ხმათა უმრავლესობით სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატურას შეარჩევს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, რომელიც ორ კანდიდატურას პარლამენტს ათი დღის ვადაში წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს ექვსი წლის ვადით აირჩევს, თუმცა ერთი და იმავე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები დგინდება.

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს არ ექვემდებარება. სახელმწიფო ინსპექტორსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, მას საქმიანობის სათანადო პირობები შეუქმნას.

ცვლილებებით, არავის აქვს უფლება სახელმწიფო ინსპექტორს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება გამოძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტი სახელმწიფო ინსპექტორის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებს აწესრიგებს. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორი ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტის, პარლამენტს წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს, ხოლო პარლამენტი აღნიშნულ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს.