პარლამენტში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ღია ფორმატში განიხილავენ
პარლამენტში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ღია ფორმატში განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ღია ფორმატში მიმდინარეობს.

კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ცვლილებების შინაარსი იყო.

ზარდიაშვილის განცხადებით, არავის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციას ადგილი არ აქვს, ვინაიდან აღნიშნული საკითხი სახელმწიფოებრივ თემას წარმოადგენს და საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, უმჯობესია,  სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართოს.

ზარდიაშვილს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხდომის დახურვა ნეგატიურ განწყობებს გამოიწვევს და კანონპროექტის განხილვის ფორმატის არასწორი პრეცედენტი შეიქმნება.

ბესელიას მოსაზრებით, სხდომის დახურვა პარლამენტის ღიაობის თვალსაზრისით სასურველი არ არის.

„მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება მისაღები არ არის. არ მახსოვს პრაქტიკა, რომ კანონპროექტის განხილვა დახურულ ფორმატში წარმართულიყო“, – განაცხადა ბესელიამ.

ვანო ზარდიაშვილის მსგავსად, სხდომის დახურვა მოითხოვეს ასევე უმრავლესობის წევრებმა ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა, რომელთაც ხაზი კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს გაუსვეს.

დეპუტატების საპასუხოდ საკითხის მომხსენებელმა, შსს-ს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოსვლისას უნდა ისაუბროს დანაშაულის მეთოდებზე, ხერხებზე და იმაზე, უწყება რა პრობლემას აწყდება სასამართლოში. მისივე თქმით,ვინაიდან საქმე ორგანიზებულ დანაშაულს ეხება და მისი მხრიდან კონკრეტული მიმართულებების დასახელება უნდა მოხდეს, რომელიც შეიძლება მომავალში პოტენციურმა დამნაშავემ გამოიყენოს, უმჯობესია, სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართოს.

აღნიშნული თემის განხილვაში კომიტეტის კიდევ ერთი წევრი გედევან ფოფხაძეც ჩაერთო და აღნიშნა, რომ სხდომის დახურვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა ცვლილებებზეა საუბარი. დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. სხდომის დახურვის მოთხოვნაზე კენჭისყრა ჩატარდა, თუმცა ვინაიდან საკითხის გასვლას 8 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სხდომა არ დაიხურა, რადგან მხარდამჭერებს შორის 6 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა.