პარლამენტში 22 მარტს​ ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ
პარლამენტში 22 მარტს​ ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს 22 მარტის პლენარულ სხდომაზე მიმართავს, რა დროსაც, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად, ინტერპელაციის წესი ამოქმედდება.

ამ წესის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის მისვლა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით მოითხოვეს. პირველი არხის ინფორმაციით, ინტერპელაციის წესით, 22 მარტის პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმინონ, რომლის პარლამენტში მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის
წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა
ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი, კონკრეტული.

რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

რაც შეეხება პროცედურას, რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
ამასთან, შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ,
არაუმეტეს სამი წუთით. პასუხის დაზუსტებისთვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთი. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, შესვენება ერთი საათით ცხადდება. შესვენების შემდეგ კი დებატები შემდეგი წესით იმართება: უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევათ, თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი.

დებატების შემდეგ ადრესატს დასკვნითი გამოსვლისთვის 20 წუთი ეძლევა. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ კი შეიძლება, მიღებულ იქნას დადგენილება.