პარლამენტმა შესაძლოა, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი შემოიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი შემოიღოს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი თემატური მომხსენებლების ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორისა და ერთ-ერთი ინიციატორის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თემატური მომხსენებლები კომიტეტის წევრები იქნებიან, რომელთაც საკუთარი პასუხისმგებლობის გამოკვეთილი სფერო ექნებათ.

„გთავაზობთ თემატური მომხსენებლების ინსტიტუტს, რაც საკმაოდ საინტერესო პრაქტიკაა, სხვადასხვა პარლამენტში არსებობს და საკმაოდ საინტერესოდ მუშაობს. კერძოდ, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი გულისხმობს, რომ კომიტეტში პარლამენტის ყველა წევრს აქვს თავისი პასუხისმგებლობის გამოკვეთილი სფერო. ეს გარკვეულ ვალდებულებებს და მკაფიოდ გამოკვეთილ არეალს უჩენს პარლამენტის წევრს. დეპუტატებს ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება, რომ კომიტეტის საქმიანობაში ჩართული იყოს არამხოლოდ თავმჯდომარე, მოადგილე ან რამდენიმე პირი, არამედ პარლამენტის ყველა წევრი იყოს ორგანული ნაწილი და სრულად ჩართული იმ საქმის შესრულებაში, რა საქმეც აქვს საკუთარ თავზე აღებული შესაბამის კომიტეტს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებითაც პროდუქტიული იქნება.

„როგორც იცით, პარლამენტის კომიტეტებს აქვთ ვალდებულება, ყოველი წლის დასაწყისში დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა, რომლის ანგარიშიც უნდა წარმოადგინონ წლის ბოლოს და თემატური მომხსენებლებიც ვფიქრობთ, ამ კონტექსტში საკმაოდ კარგად ჯდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვისას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.