პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებაშია აღნიშნული, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.

„მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ ათი წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა ხუთი წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2022 წლის პირველი აპრილის ჩათვლით.

მეურვეობის კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთოდეს: ა) კანდიდატის CV; ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ ათი წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა ხუთი წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.

ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2022 წლის 17 მარტს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“,- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.