პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლითაც აკუსტიკური იარაღის ცნება განიმარტება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლითაც აკუსტიკური იარაღის ცნება განიმარტება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც განიმარტება აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის ცნება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხმოვანი იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით, თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში, რადგან ხმოვან იარაღს არ აქვს თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება.

კანონპროექტით განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ხმოვანი იარაღის ტარებაში. ხმოვანი იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

„ბოლო პერიოდის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს იარაღი პოპულარული ხდება კრიმინალურ სამყაროში მისი ხელმისაწვდომობის, დაბალი ფასის და რეგულაციების არარსებობის გამო. ასევე, გვაქვს ასობით ფაქტი, როდესაც იარაღის გასროლის საფუძველზე გამოძახებაზე გასულ საპატრულო ეკიპაჟებს უხდებათ ამ იარაღების ამოღება და შემდგომ, მოგვიანებით, ექსპერტიზის საფუძველზე ირკვევა, რომ გასროლა განხორციელდა აკუსტიკური იარაღიდან, რაც იწვევს სამართალდამცავი რესურსის ირაციონალურ ხარჯვას“, – აღნიშნა მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ.

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარების წესსაც, კერძოდ: დაუშვებელია გაზის იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.