პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ოფიციალურად დარეგისტრირდება
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ოფიციალურად დარეგისტრირდება.
ახალ ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. როგორც ჯაში აცხადებს, ფრაქცია არ იქნება გადახრილი არც ერთი პოლიტიკური მხარისკენ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღესვე სოფო ქაცარავას ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმსჯელებს. კომიტეტი ასევე განიხილავს პარლამენტს გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის, თემურ გოცირიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
„საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტზე ჩვენ განვიხილავთ სოფო ქაცარავას განცხადებას ვადამდე საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული დოკუმენტების საფუძველზე, განვიხილავთ სიით შემდგომი პირის, თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს. ფრაქციას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით პარლამენტის ექვს წევრს აქვს უფლება, შექმნას ფრაქცია. ჩვენთან შემოვა ეს დოკუმენტაცია და განვიხილავთ უკვე დოკუმენტურად, ფორმალური მხარე დაცული არის თუ არა. ამის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას ფრაქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტში ახალ ფრაქციას დამოუკიდებელი დეპუტატები ქმნიან, რომელთა შორის არიან ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე. ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ფრაქციის სახელწოდება იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატი“.