პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლების დანიშვნასთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლების დანიშვნასთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება.

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით.

„ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილება განიხილება. ცვლილებები ეხება ადამიანური რესურსის მიღებას. საჯარო სამსახურის სივრციდან პრაქტიკულად გამოვა ნაწილი ადამიანური რესურსების მიღების პროცესში და შედარებით უფრო გამარტივებული წესით, უფრო სწორად, სპეციფიკური წესით იქნება მიღებული ადამიანური რესურსი ამ სამსახურში. გარდა ამისა, იქ არის პროცედურები გაწერილი, რომელთა მიხედვითაც, წოდებების მინიჭება იქნება განსხვავებული“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე განიხილება კომიტეტების მიმართვა, მათთვის განსაზღვრული საკითხების განხილვის გადავადებასთან დაკავშირებით.

„რაც ეხება საორგანიზაციო საკითხებს, საპარლამენტო კომიტეტებს აქვთ მომართვა ბიუროსადმი, რომ მათთვის დაწერილი საკითხები, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა გადავადდეს რამდენიმე ხნით, ზოგიერთ მათგანს რამდენიმე კვირით აქვს მოთხოვნა, ზოგიერთს ერთი თვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ყველა კომიტეტს, როგორც წამყვანს, ასევე სავალდებულოს აქვს თავისი ვადა, რათა განიხილოს მისთვის დაწერილი საკითხები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.