პარიზის სახანძრო სამსახური - მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული
ამჟამად მეხანძრეების მთელი ძალისხმევა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა. ამასთან, მეხანძრეები ხელოვნების ნიმუშების გადარჩენასაც ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.
ფრანგული მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობს 400 მეხანძრე, 15 სახანძრო მანქანა სპეციალური ამწევი პლატფორმებით.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.