პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო 13:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 14:00 საათზე იმსჯელებს.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულებს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია დუისში ორი დღის წინ ჩატარდა.