პროკურორი - ზურაბ იდოიძის მიმართ წარდგენილ ბრალს ვიდეოკამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები ადასტურებს
პროკურორი - ზურაბ იდოიძის მიმართ წარდგენილ ბრალს ვიდეოკამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები ადასტურებს

პროკურორ ნანა ხუნჯუას ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძის მიმართ წარდგენილ ბრალს ვიდეოკამერის ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები ადასტურებს.

პროკურორი აცხადებს, რომ ამ მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აცხადებს, რომ არსებითი განხილვის განმავლობაში ისინი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს სხდომაზე წარმოადგენენ.

„ზურაბ იდოიძეს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ტერორისტული ორგანიზაციის წევრების რესურსებით უზრუნველოფა. სახეზე იყო მისი მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი ქმედების საფრთხე და ხელისშეშლა მტკიცებულებად სასამართლომ სრულად გაიზიარა. საქმეში შეკრებილია მტკიცებულებები, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და გვაძლევს ბრალის წარდგენას. მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოკამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. მესმის, დიდია ინტერესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ გამოძიების ინტერესი. ჩვენების შინაარს ვერ გეტყვით. ინტენსიურად ხდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას ინარჩუნებს და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. სუს-ის ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.

ზურაბ იდოიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.