პანკისში სპეცოპერაციისას ერთი პირის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.
„ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნა სუხიაშვილმა.
დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, გუშინ ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.