დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ექიმების ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უცვლელია. პაციენტი თელავის რეფელარულ საავადმყოფოში კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სპეცოპერაციისას დაჭრილი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები პროგნოზებს ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ.

მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მძიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამ ეტაპისთვის რაიმე პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. ის სედაციის ქვეშ იმყოფება. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხდება დაკვირვება და პოსტოპერაციული მკურნალობა. იყო ქალატვინის ცეცხლსასროლი ჭრილობა, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა პირველ არხთან მაჩალიკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.