ზაზა ლურსმანაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა მეოთხედ ვეღარ მოხერხდა
ზაზა ლურსმანაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა მეოთხედ ვეღარ მოხერხდა

მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, დილის 08:00 საათზე თემირლან მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა მეოთხედ ვეღარ მოხერხდა, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, გუშინ, შუადღის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

„პირველ რიგში, მინდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, ყველა მის ახლობელს მივუსამძიმრო და ჩვენი კლინიკის სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ, შუადღის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს მესამე ეპიზოდი იყო. სამჯერვე სარეანიმაციო ღონისძიებებით გულის მუშაობის აღდგენა მოხერხდა. თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.