სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველ არხს  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

ლურსმანაშვილის ინფორმაციით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გუშინ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდებოდა.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.