სუს-მა თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთ პირი დააკავა 
სუს-მა თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთ პირი დააკავა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები არიან ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში  დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის  დროს ლიკვიდირებული  პირების ვინაობა:  რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში  2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და  21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.

დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი