პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, კახეთის რეგიონში მინისტრები ჩავლენ
პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, კახეთის რეგიონში მინისტრები ჩავლენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და გიორგი გახარია.
ჯერ უცნობია, მინისტრები პანკისის ხეობაში მივლენ, თუ თელავში, სადაც სამხარეო პოლიცის შენობაში აქციის მონაწილეთა ნაწილი მოლაპარაკებებს მართავს.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.