მეცნიერები ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ადამიანებამდე მოღწევის „ნაკლულ რგოლს“ თავდაუღალავად ეძებენ. ახლახან, ამ ვირუსის ორი ახლო ნათესავი ვირუსი მათ აღმოაჩინეს პანგოლინებში, რომლებიც ჩინეთში შავ ბაზარზე იყიდებოდა.
აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ ჰონგ-კონგელ და ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა ასი პროცენტით მაინც ვერ დაადასტურეს, რომ ამჟამინდელი ეპიდემიის წყარო სწორედ ეს ძვირფასი ძუძუმწოვარია. თუმცა, აღმოჩენილი შტამების მსგავსება მიუთითებს, რომ ჩინეთის პანგოლინების შავი ბაზარი ნამდვილი დროის ბომბია და სასწრაფოდ საჭიროებს განეიტრალებას.
მას შემდეგ, რაც დადასტურდა კავშირის COVID-19-ის ეპიდემიასა და ქალაქ უხანის ხორცეულის ბაზრობას შორის, ვირუსის წყაროს საძებნელად კვლევები დაიწყო. როგორც SARS-CoV-2-ის გენომის პირველადი კვლევები მიუთითებს, ძლიერ შესაძლებელია, რომ ვირუსი გაჩნდა იუნანის პროვინციაში, ცხვირნალისებრი ღამურების კოლონიაში; ეს პროვინცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო მიანმარს ესაზღვრება.
თუმცა, თუ მართლა ასეა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გახდა ღამურების ეს კოლონია ინფექციის წყარო 1000 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე მჭიდროდ დასახლებულ უხანში.
ჩინეთის ხორცეულის ბაზრობებზე იყიდება ცოცხალ ცხოველთა ფართო მრავალფეროვნება როგორც საკვებად, ისე ტრადიციული მედიცინისთვის; ბევრი ცხოველი იქ აზიის ტროპიკებიდან მიჰყავთ. უცნობია, იყიდებოდა თუ არა უხანის ბაზრობაზე რაიმე სახის ღამურა, რადგან ის ეპიდემიის პირველ ნიშნებამდე დახურეს.
ცხვირნალისებრი ღამურებისგან განსხვავებით, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ბაზრობაზე იყიდებოდა პანგოლინები.
დელიკატესად და ჯანმრთელობის მატონიზებელ საშუალებად მიჩნეული ამ საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვრით უკანონო ვაჭრობა ჩინეთში დიდი პრობლემაა. ამავე დროს, პანგოლინი კარგი ადგილია ამჟამად მთელ მსოფლიოში მძვინვარე ზოონოზური ვირუსის შუამავალი წყაროს საძებნელად.
2017-2018 წლებში, გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რაიონში გატარებული ანტიკონტრაბანდული ოპერაციების დროს ამოიღეს 18 მალაიური პანგოლინის (Manis javanica) გაყინული ქსოვილები.
43 ორგანოდან აღებულ ნიმუშებში ექვსში კორონავირუსის რნმ აღმოაჩინეს, რომელიც ხუთი ინდივიდის ვირუსთან იყო დაკავშირებული. ნაკლულ თანმიმდევრობებში წაითხვისა და შევსების მეთოდით, მკვლევრთა ჯგუფმა პანგოლინის ვირუსის შტამებში ხუთამდე დეტალური გენომი მიიღო.
SARS-CoV-2-ის ასი პროცენტით იდენტური არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა, მაგრამ იყო მრავალი ნაწილობრივ იდენტური მიმდევრობა, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს ვირუსები ერთმანთთან საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ახლად მიღებულ გენომებზე დაყრდნობით, 2018 წლის ბოლოს ამოღებული პანგოლინების ქსოვილებში ძებნის მეორე პროცესი დაიწყო. ანალიზებმა 12 ცხოველიდან სამი დადებითი პასუხი აჩვენა.
გარდა გუანსის ანტიკონტრაბანდული ოპერაციებიდან ამოღებული პანგოლინებისა, მკვლევართა ჯგუფმა ასევე შეისწავლა 2019 წლის დასაწყისში, ქალაქ გუანჯოუდან ამოღებული პანგოლინების ქერცლი, ქანის ნაცხები და არასფეციფიკური ქსოვილები.
საერთო ჯამში დადგინდა, რომ ახლად სეკვენსირებული კორონავირუსის გენომების ნაზავი 85,5 — 92.4 პროცენტით იდენტურია SARS-CoV-2-თან და წარმოადგენს ნათესავი ვირუსების ორ ხაზს. ერთ-ერთი მათგანის „ვარცხნილობა“ ძალიან წააგავს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსუსას (ანუ SARS-CoV-2) – თვალშისაცემია მსგავსება რეცეპტორების შემბოჭავ ცილებს შორის, რომლებიც ზედაპირიდან წვეტების სახით არის გამოშვერილი.
ეს შედეგები შეიძლება არ გახლავთ ის საბოლოო დასკვნა, რომელსაც ვეძებთ და კორონავირუსის რეზერვუარ ცხოველსა და პირველ ინფიცირებულ ადამიანებს შორის არსებული კავშირის საპოვნელად კვლევები გრძელდება.
თუმცა, ეს ნამდვილად არის გამოღვიძების ზარი, რომელიც ზედმეტად საჭიროა. ანტიკონტრაბანდული ოპერაციებისას ამოღებული ყველა ეს ცხოველი ჩინეთის რომელიღაც ბაზრობებზე ცოცხლად გაყიდვისთვის იყო განკუთვნილი.
ძნელია იმის პროგნოზირება, მათ ნიმუშებში აღმოჩენილი კონკრეტული კორონავირუსები იფეთქებდა თუ არა სადმე მოსახლეობაში, მაგრამ ძლიერ სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი პანდემია სწორედ ამ ოჯახური ხის ერთი შტოდან დაიწყო.
პანგოლინებით ვაჭრობა ახლა ჩინეთში უმკაცრესად არის აკრძალული, მაგრამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო პოლიტიკური ნების გარეშე, მათი გაყიდვები კვლავ წარმატებით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გარეულ ცხოველთა ხორცით ვაჭრობა სასტიკად აიკრძალა.
გლობალური პანდემია მოქმედების ტრაგიკული სტიმულია. თუმცა, როდესაც უკვე არსებობს თითქმის აშკარა მტკიცებულება იმისა, რამხელა როლს თამაშობენ ასეთ პოტენციურ საფრთხეში პანგოლინები, ალბათ ეს ფაქტი ჩინეთისთვის საბოლოო მაგალითი უნდა გახდეს, რათა ხელში საბოლოოდ აიღოს ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.