პანდემიების ეპოქის თავიდან ასაცილებლად, ბუნება უნდა დავიცვათ — გვაფრთხილებს გაერო #1tvმეცნიერება
ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, მომავალში პანდემიები უფრო ხშირად მოხდება, უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს და იმაზე უარეს საფრთხეს მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას, ვიდრე COVID-19. ამის შესახებ გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კომიტეტი (IPBES) იუწყება.
კომიტეტი გვაფრთხილებს, რომ ახალი კორონავირუსის მსგავსად, ცხოველებში არსებობს 850 000-მდე ისეთი ვირუსი, რომლებსაც ადამიანთა ინფიცირება უნდა შეეძლოს და აღნიშნავს, რომ პანდემიები კაცობრიობის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.
ბიომრავალფეროვნებისა და პანდემიების სპეციალური მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელების არეალის განადგურება და რესურსების გაუმაძღრად მოხმარება ცხოველებში წარმოქმნილი ვირუსების ადამიანებზე გადმოსვლას მომავალში უფრო მეტ შანსს აძლევს.
„COVID-19-ის ან ნებისმიერი ამჟამინდელი პანდემიის მიზეზის შესახებ არანაირი დიდი საიდუმლო არ არსებობს. ადამიანთა ზუსტად ის საქმიანობა, რაც კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას განაპირობებს, იწვევს თანამედროვე პანდემიებსაც“, — ამბობს ეკოჯანმრთელობის ალიანსის პრეზიდენტი და IPBES-ის ამ მოხსენების პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ დასზაკი.
კომიტეტის განცხადებით, COVID-19 მეექვსე პანდემიაა 1918 წლის შემდეგ, როდესაც გრიპი გავრცელდა და ყველა მათგანი ადამიანთა საქმიანობით იყო გამოწვეული.
მათ შორის არის გარემოს არამდგრადი ექსპლუატაცია — ტყის ჩეხვა, სოფლის მეურნეობის ექსპანსია, ველური ბუნებით ვაჭრობა და მოხმარება; ამ ყველაფერს ადამიანები სულ უფრო ახლო კონტაქტში შეყავს ველურ და ფერმის ცხოველებთან და შესაბამისად იმ დაავადებებთანაც, რომლებიც მათში ბუდობს.
ახალ დაავადებათა 70 პროცენტი ზოონოზურია, ანუ ისინი ჯერ ცხოველებში ცირკულირებდნენ და შემდეგ გადმოვიდნენ ადამიანებზე; მათ შორის არის ებოლა, ზიკა, აივ-შიდსი.
კომიტეტის ცნობით, ადამიანებში ყოველ წელს დაახლოებით ხუთი ახალი დაავადება ვრცელდება, რომელთანაგ ნებისმიერს აქვს პანდემიად გადაქცევის პოტენციალი.
როგორც შარშან IPBES-ი ბუნების პერიოდულ შეფასებაში აღნიშნავდა, ადამიანთა საქმიანობა დედამიწის მიწის სამ-მეოთხედზე მეტი უკვე მძიმედ დააზიანა.
პლანეტის ზედაპირის მიწის ერთი-მესამედი და მტკნარი წყლის სამი-მეოთხედი ამჟამად სოფლის მეურნეობას უკავია და ადამიანთა მიერ რესურსების გამოყენება სულ რაღაც 30 წელიწადში 80 პროცენტით გაიზარდა.
22 წამყვან ექსპერტთან ჩატარებულ ვირტუალურ ვორკშოპზე IPBES-მა შეადგინა იმ ქმედებათა სია, რომლებიც მთავრობებმა უნდა განახორციელონ განმეორებითი პანდემიების რისკის შესამცირებლად.
COVID-19-ის ეკონომიკური ღირებულების შეფასება რთულია, მაგრამ კომიტეტის შეფასებით, 2020 წლის ივლისისთვის ის მსოფლიოსთვის უკვე 16 ტრილიონად ფასობდა.
ექსპერტთა განცხადებით, სამომავლო პანდემიის პრევენციის ფასი ალბათ 100-ჯერ დაბალი იქნებოდა, ვიდრე პანდემიაზე პასუხის დანახარჯები. ამჟამად კი, დაავადებების შეკავებასა და კონტროლს მხოლოდ მათი გამოჩენის შემდეგ ვცდილობთ, ვაქცინებისა და პრეპარატების საშუალებით.
IPBES-ი გვთავაზობს გლობალურ, კოორდინირებულ პასუხს პანდემიის მიმართ, ქვეყნებს კი მოუწოდებს, რომ შეთანხმდნენ სამიზნეებზე, პარიზის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეთანხმების მსგავსად, რათა თავიდან ავიცილოთ ბიომრავალფეროვნების დანაკარგები.
COVID-19-ის მსგავს დაავადებათა ხელახლა გამოჩენის რისკების შესამცირებლად, კომიტეტი პოლიტიკოსებს ურჩევს გადასახადების დაწესებას ხორცპროდუქტების წარმოებაზე და სხვა ფორმებს ძლიერ პანდემიური რისკის საქმიანობათა მიმართ.
შეფასება ასევე საჭიროდ მიიჩნევს ველური ბუნებით საერთაშორისო ვაჭრობის უკეთეს რეგულირებას და ადგილობრივ საზოგადოებათა გაძლიერებას ველურ ჰაბიტატთა უკეთ დაცვის მიზნით.
„ჩვენი ჯანმრთელობა, სიმდიდრე და კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩვენი გარემოს ჯანმრთელობაზე, სიმდიდრესა და კეთილდღეობაზე“, — ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის გარემო დაცვის ცენტრის მკვლევარი ნიკ ოსტლი.
მისივე განცხადებით, ამ პანდემიის გამოწვევებმა წარმოაჩინა ჩვენი გლობალურად მნიშვნელოვანი და საერთო გარემოს სასიცოცხლო სისტემების დაცვისა და აღდგენის მნიშვნელობა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.