პაატა იმნაძე - მოქალაქეები თუ არ აიცრებიან, წითელა სხვანაირად არ გაჩერდება
პაატა იმნაძე - მოქალაქეები თუ არ აიცრებიან, წითელა სხვანაირად არ გაჩერდება

აჭარაში ეპიდაფეთქებაა, დანარჩენ საქართველოში კი თუ არ ჩატარდება იმუნიზაცია, დაავადება ყველა იმ  ადამიანზე გავრცელდება, ვინც აუცრელია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შემთხვევების მატება წლების წინ ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგია.

„2008 წელს, როდესაც დაგეგმილი იყო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია ქვეყანაში და როდესაც უნდა აცრილიყო 1 000 000 ადამიანი, სამწუხაროდ მასმედიის არაკომპეტენტურმა ჩარევამ ჩაშალა აცრების კამპანია.  ამის შედეგია დღევანდელი წითელას კიდევ ერთი შემობრუნება. თუ არ აიცრებიან ადამიანები, წითელა ისე არ გაჩერდება“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ეპიდემიაა, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.

„თუ აცრილები იქნებიან, არავითარი პრობლემა არ არის სკოლებსა და ბაღებში. ვინც აცრილი არ იქნება, ის ავად გახდება“, – აღნიშნა იმნაძემ.