„ბიბისის“ ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას ეპიდემიას გასულ წელს ექვსი ათასი ადამიანი ემსხვერპლა
„ბიბისის“ ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას ეპიდემიას გასულ წელს ექვსი ათასი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას ეპიდემიას 2019 წელს ექვსი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბიბისი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აფრიკის სახელმწიფოში ეპიდემია გლობალურად ყველაზე მასშტაბურია და ძალიან სწრაფად ვრცელდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას 310 ათასი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლება ვაქცინაციის საგანგებო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ათასი ბავშვი აიცრა. თუმცა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები ეპიდემიის გავრცელებას ეხმარება.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, წითელას ეპიდემიამ კონგოში ებოლას ვირუსზე ორჯერ მეტი ადამიანი შეიწირა. ყოველწლიურად მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებით საერთაშორისო მასშტაბით 110 ათასი ადამიანი იღუპება.