დავით სერგეენკო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დავით სერგეენკო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

წითელათი დაინფიცირების რისკი ისევ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოვუწოდებ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მიზანია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დავით სერგეენკოს განაცხადებით 120 ათასი ადამიანი უკვე აიცრა, თუმცა მიზანი მიმდინარე წელს 300 ათასამდე ადამიანის აცრაა, რათა შესაძლებელი იყოს დაავადების ჩაქრობა.

„დღეს საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების ყველა რეგიონში, დაიწყო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ინიციატივა. მისი ამოცანა არის კიდევ ერთხელ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. რაც შეეხება წითელათი გაზრდილ დაავადებას, საფრთხეები ჯერ არ განულებულა და კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის, ვინც არ იცის დარწმუნებით აქვს თუ არა აცრა ჩატარებული წითელაზე, აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია. 120 ათასმა ადამიანმა უკვე გაიკეთა აცრა, თუმცა ჩვენი სამიზნე არის მიმდინარე წელს 300 ათასამდე ადამიანის ვაქცინაცია ჩატარდეს, რომ ჩვენ შევძლოთ დაავადების ჩაქრობა”, განაცხადა დავით სერგეენკომ.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, მისი მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
პრესკონფერენციაზე განახლებული, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაციის პრეზენტაციაც გაიმართა.