დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები წითელაზე აცრან, თუ შესაბამისი აცრა ორჯერ გაკეთებული არ აქვთ 
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები წითელაზე აცრან, თუ შესაბამისი აცრა ორჯერ გაკეთებული არ აქვთ 

2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა, – ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება.

ამირან გამყრელიძემ გეგმური იმუნიზაციით მოცვის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში. თუმცა 2019 წლის მეორე ნახევრიდან წითელას გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღმავალ ფაზაში გადავიდა.

„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან.

„შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.