ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

ქვეყანაში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეა, წითელას გავრცელების კუთხით არსებული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

კერძოდ, გამყრელიძის განცხადებით, თუ მაისში ყოველდღიურად, საშუალოდ წითელათი დაინფიცირების 15-20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ დიაგნოზს დღეში საშუალოდ 3-6 პაციენტს უსვამენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვითარების გაუმჯობესებას ვაქცინაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ დამატებითი აცრა 150 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა. თუმცა, მისივე თქმით, მიზნობრივი მაჩვენებლით, ეს მონაცემები 250 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა წითელას გავრცელება კიდევ უფრო შემცირდეს.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 20-დან 40-წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც დაზუსტებით არ იციან, აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ვაქცინაცია ჩაიტარონ.