პაატა დავითაია - ხელისუფლების ცვლილება ერთპარტიულად ვერ მოხდება, არც ერთ პარტიას არ აქვს შანსი, ის მარტომ შეცვალოს
„ძალა ერთობაშია“ მორიგ შეხვედრას მართავს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში მიმდინარე შეკრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არ ესწრება.
შეხვედრაზე არ იმყოფებიან „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, თუმცა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი შეკრებაში მონაწილეობს.
კოალიციის წევრ პარტიებს ისევ არ აქვთ პასუხი, გავა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მათთან ერთად ერთიანი პროპორციული სიით არჩევნებზე, როგორც ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს
როგორც პაატა დავითაიმ განაცხადა, „ძალა ერთობაშიას“ ყველა სუბიექტი არის მომხრე, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკით გავიდეს არჩევნებში, რადგანაც ამოცანა ხელისუფლების ცვლილებაა და ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ერთიანობის გზით.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ვატყობ, ისინი მართავენ შიდა კონსულტაციებს, იყვნენ თუ არა ერთობაში, თუ მიიღონ გადაწყვეტილება გაერთიანებულ ოპოზიციაში დარჩენის. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება მათზე საუბარი. დაველოდოთ, მოვლენ თუ არა ისინი შეხვედრაზე, როდის დაამთავრებენ კონსულტაციებს. მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი, ყველა სუბიექტის მთავარი მოწოდება არის ერთობის შენარჩუნება. საერთოდ არ არის საუბარი მემორანდუმში კვოტებზე, საუბარია საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებაზე, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხდება შევსება გარკვეული სიებისა და სტრატეგიის შემუშავება, საუბარია არა ტექნიკურ, არამედ – პოლიტიკურ ბლოკზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ერთობაზე, პოლიტიკური ბლოკის მნიშვნელობა არის გადამწყვეტი ხელისუფლების ცვლილებისთვის და არა ტექნიკური ბლოკი და კვოტები. არავის მათი კვოტები არ აინტერესებს. შეიძლება ზოგს აქვს ამბიცია, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში ერთპარტიულად, არ გამოვრიცხავ, ეს ყველა პოლიტიკური პარტიის შიდა გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ცვლილება ერთპარტიულად ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, არც ერთ პარტიას არ აქვს მარტო შანსი, ის შეცვალოს. მათ არც ჩემთვის და არავისთვის უღალატიათ, მათ უნდა აირჩიო, არიან თუ არა ერთგული თავიანთი ხელმოწერის და თავიანთი აღებული ვალდებულებების. პოლიტიკურ ძალას უნდა გააჩნდეს ამბიცია, რომ ვალდებულება, რომელსაც ის იღებს ამომრჩევლის წინაშე თუ პარტნიორების წინაშე, შეასრულოს. ტექსტში ღიად წერია, თუ რას ნიშნავს მემორანდუმი, თუ ვინმეს წაკითხვის პრობლემა აქვს, სხვა საქმეა. ხელისუფლების ცვლილებაზე თუ ვლაპარაკობთ, ერთობა არის ამოსავალი წერტილი, თუ ვსაუბრობთ ოპოზიციაში დარჩენაზე და რაღაც პოსტებსა და ადგილებზე, მაშინ ყველა პარტია თავის სტრატეგიით მოქმედებს“, – განაცხადა დავითაიამ.