ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს

გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება პანდემიის გამოყენებას არჩევნების გაყალბებისთვის ცდილობს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბერს იწურება და გაურკვეველია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლები, რომლებსაც იზოლაციაში გადასვლა 26 ოქტომბრის შემდეგ მოუწევთ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გაუმჭვირვალეა გადასატანი ყუთის სიებიც.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. ჩვენ გუშინაც მოვითხოვეთ ქალბატონ თამარ ჟვანიასთან შეხვედრა, იმ დადგენილებებისა და გაყალბების მცდელობების გამო, რომლებსაც ადგილი აქვს არა მხოლოდ ისანში, არამედ მთელ საქართველოში. მხედველობაში მაქვს ის, რომ, მაგალითად, ჩვენს ოლქში გაგვიხსნეს ოთხი სპეცუბანი, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული.  გვეუბნებიან, რომ ამ სპეცუბანზე იქნებიან თვითიზოლაციაში მყოფი და კოვიდინფიცირებული ადამიანები, რომელთა სია არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე გვეცოდინება. ამ სიებს აუცილებლად გადავამოწმებთ.

აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით. ეს აუცილებელია, რათა ჩვენი ხმა ხელისუფლებამ არ მიიტაცოს. ყველა ის ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და თავისი მონაცემები მიაწოდოს საოლქო კომისიებს, რათა ეს ხმებიც არ იყოს გამოყენებული გაყალბებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთის ხმის დათმობას. საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, საოლქო კომისიებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ არიან დანიშნული, ვაფრთხილებთ, არ გაბედოთ, ჩვენი ამომრჩევლის ხმა მოიპაროთ ან რაიმე სახის მანიპულაციებს შეეცადოთ, რადგან ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება პირადად თქვენთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.