ოზურგეთში, ქუჩებში მოხეტიალე პირუტყვს სპეციალურად მოწყობილ ადგილზე გადაიყვანენ
ოზურგეთში, ქუჩებში მოხეტიალე პირუტყვს სპეციალურად მოწყობილ ადგილზე გადაიყვანენ

ოზურგეთში, ქუჩებში მოხეტიალე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე გადაიყვანენ, ხოლო თუ მფლობელი ჯარიმას არ გადაიხდის, გაყიდიან. ამას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი დადგენილება ითვალისწინებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოზურგეთის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან სანაპიროსა და ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება იკრძალება.

„ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას, რომლის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით“- აღნიშნულია ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებაში.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისთვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. პირუტყვის გამოკვების თანხა კი დღეების მიხედვით, ჯარიმასთან ერთად, უნდა გადაიხადოს მფლობელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დადგენილებაშია მითითებული, პირუტყვი საბაზრო ფასებით გაიყიდება.

დოკუმენტში ისიც წერია, რომ თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმისა და სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა დაუბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებაში მითითებულია, რომ მესაკუთრის დაჯარიმება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან/და 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თანხის ოდენობით მოხდება, რაც 50 ლარს შეადგენს.

მესაკუთრეს დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად 30 დღის ვადა ეძლევა. შესაბამისად, თუ მფლობელი პირუტყვს სპეციალური სადგომიდან ვადის მაქსიმუმის გასვლამდე არ გამოიყვანს, ჯამში 350 ლარის გადახდა მოუწევს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული დადგენილება დღეს ,13 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი