ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე მერიის 18 თანამშრომელზე დანამატების გაცემის საკითხს ეხმაურება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაცემულ სახელფასო დანამატების თემას ეხმაურება.
„მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 % ის ოდენობით, აღნიშნული საზოგადოებისთვის ცხადყოფს რეალურ ვითარებას, ასევე ნათელ ფენს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემის, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი წინააღმდეგი.
ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას. მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახელფასო დანამატს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი. საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება.
მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი. აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არდანახვა და მართებულად ვერშეფასება. აქვე დავსძენ, საკრებულოსა და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ“, – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.