ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ფრაქციის „ოზურგეთის მომავლისათვის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ფრაქციის „ოზურგეთის მომავლისათვის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა  ფრაქციის „ოზურგეთის მომავლისათვის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი სხდომას არ დაესწრებიან, ვიდრე სრულად არ შესრულდება, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნები.

„პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას, სანამ სრულად არ შესრულდება რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები“, – განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან მგელაძემ და ფრაქციის „ოზურგეთის მომავლისათვის“ სხდომაზე მიღებული დადგენილება წარადგინა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ფრაქცია უთანაგრძნობს 20 ივნისს საპროტესტო მიტინგზე ფიზიკურად და მორალურად დაშავებულებს და მოშიმშილეებს, რომლებიც უკიდურესი ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

„სრულად ვიზიარებთ მომიტინგეებისა და საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს 20 ივნისს უკანონოდ დაკავებული და უკანონოდ გასამართლებული მომიტინგეები, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და უმკაცრესად დაისაჯოს შსს-ს თანამშრომლები,  რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლება-მოვალეობებს,  პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საკრებულოს სხდომას და არ დავესწრებით, სანამ არ დაკმაყოფილდება მომიტინგეებისა და საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნები“, – ნათქვამია ფრაქციის დადგენილებაში.