ოთარ დანელია -„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ისტორიაში 14 ნოემბერი სამარცხვინო დღეა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ აქციები მოსალოდნელი იყო.
დანელია ამბობს, რომ თავად იმ დეპუტატთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
დანელიას თქმით, მისთვის კანონპროექტის ჩავარდნა არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ალბათ ბრიყვები უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ, აქციები მოულოდნელი იყო. თავისთავად ცხადია, იქნებოდა აქცია. თავადაც ხედავთ, გუნდის შიგნით პროტესტი საკმაოდ მნიშვნელოვნად იგრძნობა. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც მხარი დაუჭირა პროპორციული არჩევნების სისტემას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვქონდა მოულოდნელი, არასასიამოვნო სიურპრიზი“ ,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ისტორიაში 14 ნოემბერი სამარცხვინო დღეა. ოთარ დანელია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, გამოინახოს რესურსი და საკანონმდებლო ორგანოს განახლებული პროექტი კვლავ წარედგინოს.
„ვფიქრობ, ნამდვილად სამარცხვინო დღეა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ისტორიაში. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, იქნებ გამოინახოს რესურსი, რომ განახლებული პროექტი შემოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს ეს საპარლამენტო სივრცეს. აღნიშნულის რესურსი არსებობს, პროცედურები ამას არ გვიკრძალავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთი და ძალიან სამართლიანი საპროტესტო აქცია თავიდან ავირიდოთ“ ,- განაცხადა დანელიამ.
ის, ასევე, გამოეხმაურა რამდენიმე დეპუტატის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვებას.
„თამარ ჩუგოშვილი და ბევრი ჩვენი კოლეგა ტოვებს უმრავლესობას, ეს იქნება უსერიოზულესი დანაკარგი „ქართული ოცნებისთვის“, პარლამენტისთვის, ჩვენი ქვყენისთვის, რადგან მმართველ გუნდში გვჭირდება ისეთი ძლიერი რგოლები, როგორიც ისინი იყვნენ. სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანებს უწევთ გუნდის დატოვება, რომლებიც პირიქით უნდა რჩებოდნენ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პოლიტიკურ კალაპოტს, ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ დაპირება ბოლომდე შევასრულოთ“ ,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
ამასთან, დანელიას განცხადებით, თუ თავადაც მიიღებს გუნდის დატოვების გადაწყვეტილებას, ამას არავის შეუთანხმებს.
„თუ გუნდის დატოვებაზე არის საუბარი, გუნდი უნდა დატოვოს იმან, ვინც არ ასრულებს გუნდურ პირობას. მე არ ვამბობ კონკრეტულად, რომ ვინმე უნდა წავიდეს, ან არ წავიდეს. როდესაც დამიყენებია ეს საკითხი, მათ შორის თანაგუნდელების პასუხისმგებლობის საკითხი, არასდროს გაზიარებულა. ამიტომ, აღარ ვაპირებ ამ პოლემიკაში შესვლას და პერსონალურ დაპირისპირებას, რადგან პიროვნულად ყველას დიდ პატივს ვცემ. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურ პროცესზე პასუხს აგებს გუნდი. განსხვავებული აზრი სულ რამოდენიმე დეპუტატმა დააფიქსირა, მაგრამ ის რაოდენობა, ვინც მხარი არ დაუჭირა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. დღეს ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მივიღებდით ამ კანონს. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა ან რაიმე რისკებს ხედავდა, აუცილებლად პრევენციები უნდა გაკეთებულიყო“ ,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.