ოთარ დანელია - მოლოდინი მაქვს, რომ მხარს დავუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
ოთარ დანელია - მოლოდინი მაქვს, რომ მხარს დავუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ბევრჯერ ყოფილა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს, არის ის, რომ მხარს დავუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განსხვავებული აზრის გამო გარიცხვა არასწორია, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაგროვოთ იმდენი ხმა, რამდენიც საჭიროა ამ კანონის მისაღებად. მოწინააღმდეგეების რაოდენობა არ ვიცი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.